ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

კონსულტაციები ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ოპოზიციის არასრული შემადგენლობით.

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არ მიიწვიეს. როგორ ესახებათ ხელისუფლების ოპონენტებს ევროკავშირის კანდიდატის სანაცვლოდ მოთხოვნილი პირობების შესრულება – ეს შეხვედრის მთავარი თემა იყო. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, ანუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 12 რეკომენდაციის შესრულება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასაც გულისხმობს. მოთხოვნებს შორისაა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაც. ოპოზიცია პროცესში შიდა ზეწოლის გაძლიერების და აქციების საჭიროებასაც ხედავს. მმართველი გუნდის შეთავაზება კი ძალაში რჩება – „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 12 პუნქტის შესრულების სამოქმედო გეგმის განსახილველად სამუშაო ჯგუფებში იწვევს და პირობას დებს, რომ საშემოდგომო სესიაზე ყველა მოთხოვნილი რეფორმის მიღება მოესწრება. თუმცა, ოპონენტების ნაწილი ხელისუფლებას არ ენდობა.