ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ექვსთვიანი ვადა იწურება. წლის ბოლოსთვის საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაასრულოს.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლების და მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთად მუშაობა ვერ მოხერხდა და პარალელური პროცესი წარიმართა, შესაბამისად ღიად დარჩა პირველივე რეკომენდაციის შესრულება, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს. სადავო გახდა თითქმის ყველა ის კანონპროექტიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა ოპოზიციის ნაწილთან ერთად მოამზადეს. სამი ოპოზიციური პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნა, ევროკომისიის პუნქტებს შეუსრულებლად აცხადებს. ამიტომ კანდიდატის სტატუსის გარშემო მოლოდინი და პროგნოზები არაერთგვაროვანია.