ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

თითქმის ორთვიანი ტაიმაუტის შემდეგ, პარლამენტში საშემოდგომო სესია ხვალ პლენარული სხდომით გაიხსნება. დღის წესრიგი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე განსაზღვრეს. კანონმდებლებს საკმაოდ აქტიური მუშობა მოუწევთ. დეპუტატების მთავარი ამოცანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და სამუშაო ჯგუფებში შეთანხმებული საკითხების სასესიო ფორმატში განხილვა და დამტკიცება იქნება. დაგეგმილია რამდენიმე უწყების საქმიანობის ანგარიშის მოსმენაც. პარლამენტის საქმიანობის განახლების პარალელურად, აქტიურდება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციაც. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს უნდობლობას უცხადებენ, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ისევ ცალკე მუშაობენ. მათი განცხადებით, 12-ვე მიმართულებით უკვე მომზადებული აქვთ ინიციატივები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან. ოპოზიციის ეს ნაწილი შესაბამისი კანონპროექტების ინიცირებას პარლმანეტში სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.