ევროკომისიის რეკომენდაციები - პარალელური სამუშაო ჯგუფი

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი – „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებს ქმნიან. არასამთავრობო სექტორისა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მონაწილეობით პირველი შეხვედრები პარლამენტში დღეს იმართება.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ჯგუფები არ არის ორიენტირებული რეალურ შედეგზე და მათში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ. საკუთარ ჯგუფებში კი დაამუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს 12-პუნქტიან რეკომენდაციას. შემუშავებული პროექტები კი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში დარეგისტრირდება.

ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში ჩართვაში პრობლემას არ ხედავენ არასამთავრობო სექტორში, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ალტერნატიულ სამუშაო პროცესს აკრიტიკებს არგუმენტით, რომ ევროკავშირი რეკომენდაციების შესრულების გზაზე პოლიტიკურ სპექტრს ინკლუზიურობისკენ მოუწოდებს.