ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს ბრიუსელის მოთხოვნები და გადადგას რეალური ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქროს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელიდან წამოსული მოთხოვნები – მუქარა და დასჯის მცდელობაა. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, რვა რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება: კერძოდ, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები. ასევე მოთხოვნაა შეიცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.