ევროკომისიის 2026 წლის კვლევა საქართველოს უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად აღიარებს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. დოკუმენტში შუა დერეფნის განვითარების პრიორიტეტები დეტალურადაა გაწერილი. კვლევის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიულ პრიორიტეტად არის დასახელებული ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში. ასევე აქცენტი კეთდება მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პორტი, რომელსაც ჩინური კონსორციუმი აშენებს, გახდება შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში. საუბარია ასევე ევროპული მართვის სისტემის დანერგვისა და ლოკომოტივების განახლების აუცილებლობაზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ახალქალაქის სადგურზე ტვირთების სწრაფად გადატვირთვის თანამედროვე სისტემა დაინერგება. წერია, რომ საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება რამდენიმე მიმართულებით. ჩამოთვლილია კომპონტენტებიც. ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ კაბელზეც. ევროკომისიის მეტაკვლევა საქართველოს, როგორც „კარიბჭეს“ და რეგიონულ ენერგეტიკულ-ციფრულ ჰაბს განიხილავს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა პირდაპირ აისახება ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე.