ევროკომისიის გეგმები – პოლიტიკური შეფასებები
ის, რაც მიუღებელია აშშ-სთვის, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ევროპისთვის. მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შტატებმა 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა, უფრო ადრე კი უარი თქვა USAID და ნედ-ის დაფინანსებაზე, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას გეგმავს. 8 მილიარდ 600 მილიონი ევროა ის თანხა, რომლითაც, 600%-იანი ზრდით, ევროპა არასამთავრობოებს დააფინანსებს. ინიციატივას კრიტიკოსები ევროპარლამენტშიც გამოუჩნდნენ.
საქართველოში კი მარტა კოსის რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენდათ, როცა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეძებდნენ გზებს საქართველოში მესამე სექტორის დაფინანსების გასაორმაგებლად. ეს კი იმ პირობებში, როცა საქართველოში უკვე მოქმედებს ამერიკული „ფარას“ ანალოგი, რომლის მიზანიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
აღმოჩნდებიან თუ არა გაზრდილი ევროპული დაფინანსების მიმღებთა სიაში ქართული არასამთავრობოები, მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ 600%-იანი ნამატის ბენეფიციართა ქსელი, ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ქვეყანაში მოქმედი გამჭვირვალობის კანონისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება.