ევროკომისიის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისიის დასკვნამ საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაზარდა.

მოლოდინია, რომ ერთ კვირაში ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც ანალოგიური იქნება. საქართველოსთვის მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის რეკომენდაციას და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსზე უარს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას აბრალებს. კანდიდატობის სანაცვლოდ წაყენებული 12 პირობის სასწრაფოდ შესრულება ახლა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. თუმცა, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გზა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის ხელისუფლების შეცვლაზე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე გადის, რის შესახებაც დღეს მოწოდებები უკვე გაისმა.

ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაცია და გეოგრაფია – ასე ხსნის ევროკომისიის რეკომენდაციას მმართველი გუნდი, რომელიც ახლა აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ოფიციალური აღიარება დღეს პირველად მიიღო.