ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპული ქვეყნების ლიდერები. გერმანიის ევროპის მინისტრი აცხადებს, რომ მისასალმებელი და სწორი სიგნალია ევროკომისიის რეკომენდაცია სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მიესალმება რუმინეთის პრეზიდენტი და „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „ამ გადაწყვეტილების შემდეგ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში“.

„ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას.“ – ასეთია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება.

„მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ,“- წერია განცხადებაში.

დადებით შეფასებას ეხმაურება ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და თავდაცვის საკითხებში. „ნამდვილად პოზიტიური სიახლეა ევროკომისიის რეკომენდაციით, რომ უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ ყველამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ.“ – განაცხადა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა. გამოხმაურებებია ფინეთიდანაც, – ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ „ფინეთი დგას ყველა ქვეყნის გვერდით, როგორც მეგობარი და პარტნიორი მათ გზაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ.“