ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს

ახალი ეტაპი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და გაზრდილი პოლიტიკური ვნებათაღელვა.

საქართველოსთვის მიცემული ცხრაპუნქტიანი გზამკვლევის გარშემო პოზიციების თანხვედრა ვერ ხერხდება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ახალი საშინაო დავალების გარშემო ერთად მუშაობის პერსპექტივას სულ უფრო ამცირებს. და ეს მაშინ, როცა ევროკომისია ქართული პოლიტიკური სპექტრისგან სწორედ ინკლუზიურ პროცესს და რეფორმების გარშემო გაერთიანებას ელოდება.

ოპონენტების ინიციატივების იგნორირების არგუმენტით ოპოზიციის ნაწილი ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არც ამჯერად აპირებს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები ბრიუსელის მიერ მითითებულ რეფორმებზე საკუთარი კანონ-პროექტების მომზადებას აანონსებენ.