ევროკომისიის ანგარიში – თბილისის პასუხი ბრიუსელის მოთხოვნებზე
არ დაკმაყოფილდება არცერთი მოთხოვნა, თბილისი ბრიუსელისგან ფაქტებს ითხოვს, დიალოგის შეთავაზება ძალაში რჩება – ასეთია ხელისუფლების პასუხი ევროკომისიას, რომელმაც გუშინ საქართველოს შესახებ გაფართოების ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
უკუსვლა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და იგნორირებული საერთაშორისო რეკომენდაციები – დასკვნის მიხედვით, საქართველოს კანდიტატის სტატუსი ფორმალობად რჩება, გაფართოების პოლიტიკა კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ცენტრალური ჩარჩო ვეღარ იქნება. თბილისში განსაკუთრებით მძაფრი რეაქციები დოკუმენტის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც საუბარია დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებაზე და მოთხოვნილია კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის, ე.წ. ვეტინგის დანერგვა სასამართლოების თავმჯდომარეების შესარჩევად და იუსტიციის საბჭოს დასაკომპლექტებლად. რეპრესიებად, ფუნდამენტური უფლებების რღვევად და სამოქალაქო სექტორის გაკონტროლების მექანიზმად არის შეფასებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. მწვავე შეფასებების შემდეგ ოპოზიცია რეაგირების მექანიზმების ამოქმედებას და პერსონალურ სანქციებს პროგნოზირებს. ძალადობის მხარდაჭერა, სასამართლოში ჩარევა, სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა – ეს გზავნილები ამოიკითხა ანგარიშიდან მმართველმა გუნდმა. ხელისუფლება ბრიუსელს ახსენებს, რომ მოცულობითი დოკუმენტი საქართველოს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის გარეშე დაიწერა.