ევროკომისიის ანგარიში – შეფასებები
ევროკომისიის მიერ მომზადებულ გაფართოების ანგარიშს თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი დასკვნას „აბსურდულს და მიკერძოებულს“ უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები კი მის მწვავე შინაარს სრულად იზიარებენ და საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. ევროკავშირის კანდიდატი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაზე მომზადებულ დასკვნაში, ეკონომიკური მიმართულების გარდა, ავტორები პროგრესს პრაქტიკულად ვერცერთ სფეროში ვერ ხედავენ. პირიქით, საუბარია „განგრძობით დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე“.
მთავარი გზავნილია, რომ საქართველო ევროკომისიის 9-პუნქტიან რეკომენდაციებს არ ასრულებს და კანდიდატობას ფორმალურად ინარჩუნებს. ანგარიშში იკითხება მოთხოვნებიც: მართლმსაჯულების რეფორმირება, იუსტიციის საბჭოს და სასამართლოების თავმჯდომარეების შესარჩევად კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ანუ „ვეტინგის“ დანერგვა, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, დემონსტრანტებისა და პოლიტიკოსების გათავისუფლება. ნეგატიურადაა შეფასებული პარტიების აკრძალვის გეგმაც.