ევროკომისიის ანგარიში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

რატომ მიღოო ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მომზადების გადავადების გადაწყვეტილება, – საკითხს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია არგუმენტით, არ დააჩქარონ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის გზავნილი ევროპიდან, რომ მიმართულება რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით, არასწორია და საჭიროა ცვლილება. ოპოზიციის ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ვადის გადაწევა არ არის კარგი, თუმცა იძლევა საშუალებას ცაიტნოტში არ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ოპონენტები მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ვადის გადაწევით მათ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა არ ეხსნებათ. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები ადასტურებს მათ სურვილს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გაფართოების კუთხით ვადის გადაწევით, ევროკომისიამ დაადასტურა რაზეც თავად მიუთითებდნენ, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის 6-თვიანი ვადა რელევანტური არ იყო.