ევროკომისიის ანგარიში და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა

ოპოზიციურ ფლანგზე გვარამიას შეწყალება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება იმ ზეპირი მოხსენების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ გუშინ სტოკჰოლმში წარმოადგინა. დეტალური ანგარიშის წარმოდგენამდე ოთხი თვით ადრე ევროკომისია მის მიერ საქართველოსთვის ერთი წლის წინ მიცემული 12 რეკომენდაციიდან სამს სრულად შესრულებულად მიიჩნევს. ამავე შეფასებით, ქვეყანას ნაწილობრივი პროგრესი აქვს რვა პუნქტზე, მედია პლურალიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში კი ევროკომისია გუშინდელ დღემდე პროგრესს საერთოდ ვერ ხედავდა. ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის შემდეგ ბრიუსელს თბილისის მისამართით რამდენიმე მოწოდება აქვს – მათ შორის მთავარი გზავნილია მკაცრი რიტორიკის შეწყვეტა, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის უკან გაწვევა, ფართო რეფორმა იუსტიციის საბჭოში და არამოსამართლე წევრების დანიშვნა, დეოლიგარქიზაციის კუთხით კი პერსონალურის ნაცვლად, სისტემური მიდგომა. ოპოზიციისგან გასხვავებით, ზეპირი მოხსენების გაცნობის შემდეგ ოპტიმისტური პროგნოზი აქვს მმართველ პარტიას, თუმცა ხელისუფლება ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით ევროკომისიისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს.