ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გარდაიქმნას. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ტექსტის სხვადასხვა ნაწილი გავრცელდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“. ასევე ვკითხულობთ: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“. და რომ „ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში“.