ევროკმისიის რეკომენდაციები - არასამთავრობო ორგანიზაციების როლი

„ისფედის“ გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა მატულობს. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციის არმიწვევა უთანხმოების მთავარი თემა ხდება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ მიღმა ამერიკის საელჩოს ინტერესებს ხედავენ. დღეს გამოქვეყნებული ახალი მწვავე შინაარსის წერილი, პასუხია იმ განცხადებაზე, რომელშიც აშშ-ის საელჩომ „ისფედთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლება გააკრიტიკა. ორგანიზაციის დაცვა „ხალხის ძალისთვის“ საკმარისი არგუმენტია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომა და ივნისის აქციების დროს ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებები, ამერიკის საელჩოს რევოლუციური გეგმის ნაწილი იყო. ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციის მიუხედავად, კონკრეტულ ფაქტებზე განმარტებების გაკეთების გარეშე „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილების გადახედვასა და საარჩევნო რეფორმის ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვას არ აპირებს.