ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება

სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტის ჩავარდნას თბილისში აფასებენ. უმრავლესობა ოპონენტებს საბოტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებთან საკითხზე მუშაობა გრძელდება, საბოლოოდ კი პოზიტიური ტექსტის მიღებას შეძლებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა მმართველ გუნდს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ აპატიეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, პროექტში შესულიყო ცვლილებები, რომელიც გიგი უგულავას დაკავებას, გიორგი რურუას საქმეს, 20 ივნისის მოვლენებს და რამდენიმე სასამართლო პროცესს ეხებოდა. თუმცა, ვერც ოპოზიციისა და ვერც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა შესწორებებმა მხარდაჭერა ვერ მიიღო.