ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია

ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერა მზარდია. USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ საქართველოსთან თანამშრომლობით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და 81%-ს მიაღწია. ევროკავშირისგან განსხვავებით, 2023 წლის იანვარში NATO-ში წევრობის მომხრეთა რიცხვი 2021 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით შემცირებული იყო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული პოლარიზაციის დასრულება 26 პროცენტმა დაასახელა. სამართლიანი არჩევნების 14% და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა 8%-მა. თუმცა, მოქალაქეთა 43% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად და მხოლოდ 23%-ს სჯერა რომ ხელისუფლება 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში, პირისპირ გამოიკითხა 2,757 რესპონდენტი, გამოკითხვა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: პლუს-მინუს 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია.