დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია. მექანიზმი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის შემცირებას. ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე. მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე. ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. კომისია გამოთქვამს შეშფოთებას, საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო. ევროკომისიის ანგარიში მოიცავს 64 ქვეყანასა და ტერიტორიას, რომლებთანაც ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს – დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ კარიბის და ლათინური ამერიკული ქვეყნები.