ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება მიეძღვნა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო’ სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა. „პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ ის იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია წერილში.
დევიდ ო’ სალივანი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.
ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქციათა პაკეტიდან ამოიღო