ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შემდეგ, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ ევროპული ქვეყნებიც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ტყუილები წარმატებული ვერ იქნება. უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მყარ საფუძველზე იქნება დამყარებული. განცხადება გაავრცელა შვედეთის საგარეო უწყებამაც, სადაც ნათქვამია, რომ შვედეთი მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის ელჩს და მის გარშემო გაკეთებულ განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს.