მეორე დღეა შეფასებების თემაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც წარმომადგენლობამ შუმანის დეკლარაციის ამსახველ ფოტო მასალას დაურთო სათაურით – „ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა“. „ქართული ოცნება“ განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ მშვიდობა ევროგაერთიანების ინტერესებში ნამდვილად შედიოდა, მსგავსი აქცენტები უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინათ, ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ სოციალურ ქსელში შუმანის დეკლარაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა სათაურით – „ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა“. ფოტოს თანდართული ჰქონდა ტექსტი, სადაც წერია, რომ გაერთიანება 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა, დღეს კი – ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. უკრაინა ნახსენები არ არის, საქართველოსთან დაკავშირებით კი – ნათქვამია, რომ ქვეყნის სწრაფვა ინტეგრაციისკენ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. „ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. დღევანდელ შეშლილ სამყაროში ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს. ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.
ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული, ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი: გაგანია ომისას არ უნდა მოითხოვო სამ ომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა, არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა;
არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა; არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა; არ უნდა აფათურო უშნოდ ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა“ – წერს შალვა პაპუაშვილი.