ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონებს ეხმიანებიან, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „კანონს მაუწყებლობის შესახებ“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული კანონები ქვეყნის ხელისუფლებას აძლევს დამატებით ინსტრუმენტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და რეპრესიების პოლიტიკის გასამკაცრებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯები აზიანებს დემოკრატიის საფუძვლებს და ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან. ასევე არის მოწოდება, რომ ხელისუფლებამ გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისადმი და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები. ამასთან, კაია კალასი და მარტა კოსი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი კვლავ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ.