ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილები მოსკოვს

სწორედ სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ოფიციალური თბილისი ამ კონტექსტში განიხილავს იმ გზავნილსაც, რომლითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. რუსეთის პირველ დიპლომატთან საუბრის დროს სხვა არაერთ რეზონანსულ თემასთან ერთად ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული რეგიონები იყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი მოსკოვური ვიზიტის შემაჯამებელ წერილში წერს, რომ ევროპა და რუსეთი შორდებიან. 4-5 თებერვლის ვიზიტს რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებაც დაემთხვა.