3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი განცხადებას ავრცელებს: „დემოკრატია თავისუფალი პრესის გარეშე ვერ იარსებებს. დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. მედიაზე წვდომა, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, „დამატებითი სიკეთე“, კი არა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია. საერთაშორისო სამართალი ნათელია: ჟურნალისტები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცულნი. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი პროფესიული მოვალეობების თავისუფლად შესრულება, არასათანადო ჩარევის, ძალადობის, შევიწროების, დაშინების, დევნის ან გაძევების შიშის გარეშე. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია კონფლიქტის ზონებში, სადაც ჟურნალისტები ნათელს ჰფენენ ომის რეალობას, მათ შორის სისასტიკეს და პოტენციურ ომის დანაშაულებს. მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას – თავისუფალი, პლურალისტური, დამოუკიდებელი და ხარისხიანი ჟურნალისტიკა ამ მზარდი ზეწოლისგან დაიცვას. დემოკრატიის ევროპული ფონდის მსგავს ორგანიზაციებთან პარტნიორობით მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ პლატფორმებსა და ჟურნალისტებს. ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას ჟურნალისტებისა და მედიის სფეროში მომუშავეების დაცვის მიმართულებით გლობალურად, მათ შორის იუნესკოსთან თანამშრომლობით. ასევე, რეგიონულ დონეზე, ევროკავშირი თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის საბჭო და ეუთო, ჟურნალისტების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროკავშირი პრესის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს როგორც საკუთარ სივრცეში, ასევე მთელ მსოფლიოში“.- ვკითხულობთ განცხადებაში.