მაშინ, როცა ევროპა მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიწვევას ითხოვს, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის პირველი დიპლომატი სირცხვილს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ომის დაწყების შემდეგ ევროპის მიერ რუსეთიდან მიღებული შემოსავლები უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას აჭარბებს. ამ ფონზე დღეს ცნობილი ხდება, რომ ევროპის სახალხო პარტია საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვს. ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. და ეს მაშინ, როცა სამი კვირის წინ ქვეყანას სწორედ სასანქციო რეჟიმის დაცვის გამო ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა უთხრა. სახალხო პარტიის წევრები წერილში საუბრობენ არაპირდაპირ მარშრუტებზე და რუსეთიდან შემოსავლების ზრდაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ სანქციებს ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ აქვს, ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს, ოფიციალური თბილისის მიმართ ბრიუსელმა ისეთი ზომები აამოქმედოს, რომლებიც კონსენსუსს არ მოითხოვს – იგულისხმება მიზნობრივი სავიზო შეზღუდვებიც. მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული პარტიის წევრებს იმ სტატისტიკაზე მიუთითებს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს და იმპორტის მაჩვენებლებს აღწერს – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელი გამოსვლა და მის მიერ წარმოდგენილი ციფრები ოფიციალური თბილისისთვის ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.