რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების მე-18 პაკეტი მიიღო.
ექვსი ვეტოს შემდეგ გადაწყვეტილებას მხარი სლოვაკეთმაც დაუჭირა, რომელიც რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ ევროკომისიისგან კომპენსაციასა და გარანტიებს ითხოვდა. სასანქციო პაკეტით გათვალისწინებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს ბრიუსელი აქამდე დამტკიცებულ სანქციებს შორის ყველაზე მკაცრად აცხადებს. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული ზედა ზღვარის შემცირებაა, სანქციები ეხება ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენებს, ენერგეტიკულ, საფინანსო და თავდაცვის სექტორებს. იზრდება ზეწოლა რუსულ ბანკებზე და იბლოკება ტექნოლოგიების ექსპორტი. სასანქციო სიაში მოხვდა „როსნეფტის“ უმსხვილესი გადამამუშავებელი ობიექტიც. ბრიუსელის გადაწყვეტილებას მოსკოვი უკანონობად მიიჩნევს.