ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებული პროექტი

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას აპირებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. სამუშაო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ერთგულია გაერთიანებული, გრძელვადიანი და ევროპული მიდგომის, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე“.

„ეს მოიცავს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებას, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირის განმტკიცებას, ევროკავშირის მედეგობის გაზრდას რუსეთიდან მომავალი მუქარებისადმი და რუსეთთან მხოლოდ გარკვეულ სპეციფიკურ საკითხებზე თანამშრომლობას. როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა და ადამიანებს შორის კავშირები“, – წერს „ევროაქტივი“.