ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება – განიხილავენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად განვითარებად პროცესებზე. ამ პუნქტის ფარგლებში, მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხებიან,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეც იმსჯელებენ. საუბარი შეეხება ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობებსაც.

მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ. შეხვედრა ბრიუსელის დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.