ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა

რა გზავნილებს და გადაწყვეტილებას ელოდებიან საქართველოში დღეს ბრიუსელიდან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყენაში განვითარებულ ვითარებასა და საპასუხო ზომებს განიხილავენ. საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, – აცხადებს კაია კალასი.

ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ რომ თუ სანქციებს დააწესებენ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს გაყალბება და ეს არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ შედეგები არ მოსწონთ.

დისკუსია ბრიუსელში თბილისის დროით პირველ საათზე დაიწყო. დღის წესრიგის თანახმად, მინისტრები იმსჯელებენ სამ საკითხზე, ჯერ რუსეთ-უკრაინა, შემდეგ საქართველო და ბოლოს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც განიხილება. მას პირველად ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.