ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილებს აფასებენ პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის განცხადებით, ევროკავშირს სამწუხაროდ უწევს საუბარი იმაზე, შეუჩეროს თუ არა საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა. მათი თქმით, წლის ბოლომდე, ამ კუთხით მძიმე გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს მიღებული. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხში, საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს. ლუქსემბურგში, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილეს. კაია კალასმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს. მისი თქმით, ევროკომისია მიმდინარე წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს და ახალი სავიზო რეგულაციების გათვალისწინებით, უვიზო რეჟიმის გარკვეული ჯგუფებისთვის გაუქმებას განიხილავს. კაია კალასის თქმით, ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი აქვს სანქციების რამდენიმე ზომა, თუმცა, ამ დროისთვის მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერს.