რამდენმა ქვეყანამ დაბლოკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება – პრემიერ ირაკლი კობახიძეს გუშინდელი განცხადების და მადლობის განმარტება უწევს.
ოპონენტები მთავრობის ხელმძღვანელს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მიზეზი რუმინეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო უწყებების განცხადებებია, რომლებიც სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარიდან რამდენიმე საათში თითქმის ერთდროულად გავრცელდა. რუმინეთის საგარეო უწყება ევროკავშირში გამართული დისკუსიის არაზუსტად წარმოჩენაზე მიუთითებს, ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროები კი პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს. უკვე დღეს პრემიერი სამი ქვეყნის პოზიციას მათზე წნეხით ხსნის.
გუშინ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის დასანქცირების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა რუმინეთი, იტალია და ესპანეთი დაასახელა და ვეტოზე სიტყვიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.