რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც დღეს ბრიუსელში განიხილავენ – ერთის მხრივ მოიცავს განახლებულ ინფორმაციას ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების, მიმდინარე განხილვების შესახებ და მეორე მხრივ – ევროკავშირის არსენალში დარჩენილი დამატებითი ზომების შესახებ – მათ შორის ნახსენებია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. „ამ დრომდე საქართველო სარგებლობდა ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით, მაგრამ ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს ამ პრივილეგირებული პარტნიორობის ელემენტები, განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ“, – წერია ტექსტში. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი წერილს გააგზავნის საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.