ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს ქართველ ხალხს უჭერს, თუმცა არა ქვეყნის ხელისუფლებას. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს.