ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხმაურება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა.

„ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ წარსულში უკვე შეიტანა ნაჩქარევად ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისთვის დროული მიმართვის, ან საბოლოო დასკვნის ლოდინის გარეშე.

ამგვარად, ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიმართოს ვენეციის კომისიას შეფასების თხოვნით, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესები უნდა გავრცელდეს ყველა აპლიკანტზე, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში.

მოამბე