დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება, შეხვედრაზე ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის დაფინანსება 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებებისთვის. ასევე, იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და მშვიდობის მიღწევის დიპლომატიურ ძალისხმევაზე. სამიტზე განხილვის საგანი იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ევროსაბჭოში საქართველოზე მიღებული დასკვნა, რომელსაც მხარი 26-მა ქვეყანამ დაუჭირა, შეფასებების თემაა თბილისში. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა, რადგან ტექსტს მხარი არ დაუჭირა უნგრეთმა. დასკვნაში ბრიუსელი ხაზს უსვამს „დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შესვლას“, მოთხოვნილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება და აგრესიული რიტორიკის შეცვლა ევროკავშირის მიმართ. ქართული მხარე გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმზე იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება.