ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნა - გამოხმაურება

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება, დაუბრუნდეს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რომლის გათვალისწინებითაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი“. ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭოს დასკვნების ტექსტის შეთავაზებულმა პროექტმა განხილვისას მიიღო 26 დელეგაციის მხარდაჭერა. ვინაიდან ერთმა დელეგაციამ, უნგრეთმა ტექსტს მხარი არ დაუჭირა, კონსენსუსის არარსებობის გამო, დოკუმენტი გამოქვეყნდა თავმჯდომარეობის სახელით. საბჭო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისაკენ სწრაფვას მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს; საბჭოს კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიმართებით, კერძოდ, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვამდე გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურებიან თბილისში.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობით გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც.