ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი

ერთი მიზანი და ორი პროცესი – ხვალიდან პარლამენტში მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფების პარალელურად, მუშაობას ოპოზიციაც იწყებს. შეთანხმება ერთობლივ მუშაობაზე ვერ შედგა. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ალტერნატიული პროცესია საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ მუშაობს რეალური ცვლილებებისთვის. ისინი 12-პუნქტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ისინი ეცდებიან მმართველი გუნდი აიძულონ, მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში ისევ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დაბრუნდეს. ოპონენტებს საარჩევნო გამოცდილებას ახსენებს მმართველი გუნდი, სადაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის სტრატეგია წარუმატებელი იქნება. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პარტიები ერთობლივ მუშაობაზე უარით პოლიტიკურ შეცდომას უშვებენ.