ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სხდომა

რამდენიმე საათში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში შეიკრიბებიან. დიპლომატები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებულ ულტიმატუმსა და სანქციებზე რიგგარეშე სხდომის ფორმატში იმსჯელებენ. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან ის ევროპული ქვეყნები, რომლებზეც ტარიფები დაწესდა. დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო აცხადებენ, რომ სატარიფო მუქარები სახიფათოა და ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. ტრამპის გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს იტალიის პრემიერ-მინისტრიც. ჯორჯია მელონი აღნიშნავს, რომ გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება არასათანადო კომუნიკაციის შედეგია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ისინი საბაჟო კავშირში არიან და ტარიფების დაწესება მთლიანად ევროკავშირზეა შესაძლებელი. განცხადება გააკეთა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც ტარიფებს შანტაჟი უწოდა.