ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა განცხადება გუშინ საღამოს გაავრცელა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ასევე ევროკავშირში თვლიან, რომ რუსული სტილის შეთქმულების თეორიებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მკაცრად გმობს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.