ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება – შეფასებები
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ, – ამ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან. „ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური გზით მოგუდვას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას. სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები. ისინი დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში საქართველოს სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ ძალად იქცა და თავისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოიტანა. ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს მედეგი და მამაცი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც, მიუხედავად ხელისუფლების მზარდი რეპრესიებისა, განაგრძობს მოქალაქეთა სამსახურში ყოფნას“, – ნათქვამია განცხადებაში.