ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებისგან თავის შეკავებას სთხოვს.
რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში საქართველოს შესახებ მორიგი მწვავე შინაარსის ანგარიში 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში გაკრიტიკებულია პრაქტიკულად ყველა სფერო. დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების რღვევა, აგრესიული რიტორიკა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის დევნა, არჩევნების გაყალბება, სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა – ასეთია ძირითადი გზავნილები. მოთხოვნებია რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება, პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლება, სავიზო და ფინანსური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ცალკეული მედია-საშუალებების დასანქცირება. არასაკმარისი რეაგირების გამო ანგარიშში საყვედური იკითხება ევროკავშირის მიმართ. მიმართვის ცალკე ადრესატია უნგრეთი. პირდაპირ ხაზგასმულია, რომ მოთხოვნების შესრულებამდე, მათ შორის თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე. გაკრიტიკებულია განათლების რეფორმა. გაფრთხილებაა, რომ ქმედითი ნაბიჯების არ გადადგმას შესაძლოა მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება მოჰყვეს. ანგარიშის შინაარსზე არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა მისი ავტორის განცხადება, რომელმაც თბილისში ბრიუსელის მიმართ ახალი კითხვა გააჩინა.