ევროკავშირის პოლიტიკა და საქართველო

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე, მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებზე საპასუხო ზომების ნაცვლად, ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირს ურჩევენ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს და თავად მუშაობის გააქტიურებას ევროპელ ლიდერებთან სწორედ ამ კუთხით გეგმავენ. ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი თემაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არ აღიარების საკითხიც. თუმცა, როგორც რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიიდან ირკვევა,  საქართველოს ხელისუფლების არაღიარების საკითხზე ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. იოზვიაკი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ დრომდე ვერ წყვეტენ, როგორ განაგრძონ ურთიერთობა ოფიციალურ თბილისთან. იოზვიაკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერებად სლოვაკეთსა და უნგრეთს ასახელებს. სწორედ ეს ორი ქვეყანა არ აპირებს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედოს. სანამ ევროკავშირის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე ჩამოყალიბდება, „ქართულ ოცნებაში“ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს „დიფ სთეითის“ გავლენით ხსნიან და ამბობენ, რომ ევროკავშირისა და ოპოზიციის კოორდინირებულ ანტიქართულ ქმედებებს „დიფ სთეითის“ დამარცხებით დონალდ ტრამპი დაასრულებს.