ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების მწვავე კრიტიკის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა.
მმართველი გუნდის უკმაყოფილების მიზეზი ჰერჩინსკის ბოლო განცხადებაა, სადაც ის ბოლო სამ თვეში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირიდან სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას აანონსებს. პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატს ვენის კონვენციის გადაკითხვას ურჩევს და მის გზავნილს კანონის უზენაესობის პრინციპებთან შეუთავსებლად მიიჩნევს. საკმაოდ მკაცრი იყო დღეს შეფასებებში პრემიერიც. ჰერჩინსკის წინასაარჩევნოდ გაკეთებული ის კომენტარებიც შეახსენეს, რომლებსაც მმართველი პარტია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო პროცესში ღიად ჩარევად აცხადებს. ამ კონტექსტში ხელისუფლების დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აქტიურდება უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი. მმართველი გუნდი ევროკავშირის ქვეყნებს და ელჩს ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსების მიზნობრიობის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების გზავნილებს ემიჯნება და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს ოპოზიცია.