საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე დღეს დილიდან საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა ამოეწურა.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უვიზო რეჟიმი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. გრიგოლ გეგელია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს. საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილის საშუალებით დაუსახელეს პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არსებული დათქმებით ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს, რაც მიუღებელია. ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება და ანტიკორუფციული ბიუროს კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული.