ევროკავშირის მედიაცია - დანიელსონი საქართველოში ბრუნდება

ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების მეორე რაუნდი იწყება.

კრისტიან დანიელსონი თბილისში ბრუნდება. დიდი ალბათობით, დიალოგის პროცესი მიმდინარე კვირას დაიწყება. მისია უცვლელია: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დასვას და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მხარეები კომპრომისულ შეთანხმებამდე მიიყვანოს. პირველი წარუმატებელი მცდელობიდან გამომდინარე, პროცესი სავარაუდოდ რთული იქნება, რადგან მმართველი გუნდის და მისი ოპონენტების პოზიციებში არსებითად არაფერი შეცვლილა. ახლა მთავარი კითხვაა, ჩამოიტანს თუ არა შვედი დიპლომატი ბრიუსელიდან რაიმე კონკრეტულ წინადადებას, რამაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება შესაძლოა გააადვილოს. მოლაპარაკების უალტერნატივობაზე ყველა თანხმდება, მთავარია, ვის რის დასათმობად არის მზად და ვინ როგორ გაიგებს მთავარი მედიატორის, ანუ შარლ მიშელის ბოლო მკაფიო გზავნილს, რომლის მიხედვით, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი კომპრომისების დროა.