ევროკავშირის ლიდერების შეკრება ბრიუსელში

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა უნგრეთის ვეტოს გამო, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ამის გამო, ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს დოკუმენტი „ევროკავშირი მინუს უნგრეთი“ ფორმატით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილების ყველა პუნქტი და არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირის 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გრძელვადიან პერსპექტივაში“. „2025 წელს ევროკავშირი უკრაინას 30 მილიარდ 600 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს “, – აღნიშნულია დოკუმენტში. ევროკავშირმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარებას, რადგან რეფორმებს ომის პირობებშიც სწრაფი ტემპით ახორციელებს.