კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გრძელდება. დღეს მათ სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები შეუერთდებიან და ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. ფორმალური გადაწყვეტილებების მიღება სამიტზე არ იგეგმება. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ყურადღება გაამახვილა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე. კალასის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ საკითხს მოიცავს და არ განიხილება სარაკეტო პროგრამა, მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და ევროპაში არსებული კიბერაქტივობები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სამიტზე გუშინ ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ფორმალურად დაამტკიცა. სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.