ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სპიკერების ერთობლივი დეკლარაცია
ახალი ფორმატი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებისთვის.
სერბეთში დღეს ჩამოყალიბებული პლატფორმის მონაწილე საქართველოც გახდა. ბელგრადმა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციას უმასპინძლა. შეკრება დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ფორუმის მონაწილე ქვეყნებს შორის იყო უკრაინაც. კანდიდატები თანხმდებიან, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთის პარტნიორები უნდა იყვნენ და არა კონკურენტები და ბრიუსელის წინაშე ერთიანი პოზიციებით უნდა წარდგნენ.
ეს იქნება პლატფორმა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, გამოწვევებს თუ მიღწევებს გაუზიარებენ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბოლო პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის გათვალისწინებით განსაკუთრებული ინტერესი იყო იმ გზავნილების მიმართ, რომლებიც სერბეთში ჩასულმა შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ბარიერებსა და პრობლემებზე, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს და აჭიანურებს – ასეთ ბარიერად დასახელდა ბრიუსელის მხრიდან ახალი წინაპირობების დაყენება.