ევროკავშირის გეგმა გაფართოებასთან დაკავშირებით – გამოხმაურება
ევროკავშირი ამზადებს წინადადებას, რომლის მიხედვით ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი – ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ე.წ. საგზაო რუკები განსაზღვრავს, რა რეფორმებს ელოდება ბრიუსელი თითოეული კანდიდატი ქვეყნისგან. ასევე დაადგენს სავარაუდო ვადებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისთვის. როგორც ევროკომისიაში განმარტავენ, დოკუმენტები კონკრეტულ ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებსაც მოიცავს. „საგზაო რუკები“ ამ ეტაპზე არ შეეხება ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რადგან ამ ქვეყნების მიმართ გაწევრიანების პროცესში პროგრესთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები არსებობს. ამ ეტაპზე „საგზაო რუკები“ არც საქართველოსთვის, თურქეთისთვის და სერბეთისთვის იქნება შეთავაზებული, რადგან მათი განაცხადების განხილვა შეჩერებულია „დემოკრატიულ და სასამართლო სტანდარტებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო“.